ახალი ამბები
რა განმარტებებს აკეთებენ კლინიკაში, სადაც ზუგდიდელი ორსული გარდაიცვალა
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, სადაც საკეისრო კვეთიდან 2 კვირაში ზუგდიდელი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, პირველ განმარტებებს აკეთებენ. კლინიკის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, რა გახდა სესილი ბუბუტეიშვილის გარდაცვალების მიზეზი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოკლე განმარტებით შემოიფარგლებიან.

"გაკეთდა სპინალური ანესთეზია, ჩატარდა საკეისრო კვეთა ჩვენებით - იყო გარდი-გარდმო მდებარეობა ნაყოფის და მესამე ხარისხის სიმსუქნე. ანესთეზიის დროს განვითარდა გულის გაჩერება, რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად გულის რითმი აღდგა, პაციენტი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში", - უთხრა ჟურნალისტებს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორმა გიორგი ხუციშვილმა.

მომხდარზე კომენტარი გააკეთეს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში, სადაც ამბობენ, რომ საკითხს დეტალურად შეისწავლიან.

"სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების მიღებისთანავე მოხდება ავადმყოფობის ისტორიისა და ექსპერტიზის გადაგზავნა სარეცენზიოდ და დასკვნის მიღებისთანავე მოხდება საკითხის დეტალურად შესწავლა, განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთა რაიმე გადაცდომა მოხდება საკითხის განხილვა პროფესიული საბჭოს წინაშე, პარალელურად, თუ გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები მოხდება სამართალდამცავი უწყებების მიერ საკითხის შესწავლა", - თქვა სამედიცნო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი გუნცაძემ.

19 წლის ზუგდიდელი სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახი შვილის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ საკეისრო კვეთის დროს მას, სავარაუდოდ, ანესთეზიური საშუალების ზედმეტი დოზის შედეგად, ჯერ გული გაუჩერდა, მოგვიანებით კი ტვინის შეშუპება განუვითარდა. ოჯახის წევრები დროულ გამოძიებას და საქმეში მონაწილე მედიკოსებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ.

მომხდართან დაკავშირებით ქუთაისის პოლიციაში უკვე დაიკითხნენ, როგორც სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები, ისე ბუბუტეიშვილის ოჯახიც.

ახალგაზრდა ქალი 2 კვირიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ, 29 დეკემბერს გარდაიცვალა.


ამავე თემაზე:

ქუთაისში გარდაცვლილი ზუგდიდელი ორსულის ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს



Print