რეგიონი
სოხუმში 21 დეკემბრის მიტინგის მონაწილეები დააკავეს
სოხუმის "პროკურატურამ "მასობრივი არეულობების მოწყობის" ბრალდებით 5 პირი დააკავა. "ნუჟნაია გაზეტას" ინფორმაციით, ესენი არიან: რამაზან ჯოპუა, ჩიჩა ინაპშბა, ბესლან წვიჟბა, ესნათ მიშელია და ასლან ტანია.

"არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავები 21 დეკემბრის კიდევ 50-მდე მომიტინგის დაკავებას გეგმავენ. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტერიტორიაზე გაძლიერებულია დაცვა, რადგან უშიშროების ძალები მათ ქმედებებზე რეაგირებას არ გამორიცხავენ", - წერს გამოცემა.

ოპოზოციის მომხრეების დაკავების შემდეგ, "სახალხო - პატრიოტულმა კავშირმა", რომელმაც 21 დეკემბრის აქცია მოაწყო, განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას ეკისრება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ხელისუფლება" პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას და  "ჯიბის პარლამენტის" არჩევას" ცდილობს.

2021 წლის 21 დეკემბერს აფხაზურმა ოპოზიციამ სოხუმში აქცია გამართა. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია აქციის მონაწილეებთან არ გამოვიდა, ოპოზიციის მომხრეებმა ე.წ. პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. მიტინგის მონაწილეები "პრეზინდენტ" ასლან ბჟანიას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას და "საპარლამენტო არჩევნების" ერთი წლით გადადებას ითხოვდნენ. მანამდე, "ხელისუფლების" მოწინააღმდეგე რამდენიმე ასეულმა ადამიანმა "სამთავრობო შენობებთან" რამდენჯერმე მოაწყო აქცია. ისინი ბჟანიას "საკონსტიტუციო მოვალეობების უხეშ დარღვევაში" ადანაშაულებდნენ.

23 დეკემბერს კი "პროკურატურამ" გაავრცელა ინფორმაცია "სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ "მასობრივი არეულობის მოწყობისა და მონაწილეობის, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობის ფაქტზე". უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ "აფხაზეთის სახალხო პატრიოტული კავშირის" მიერ ორგანიზებული აქცია იყო არასანქცირებული, აქცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, თუმცა "დესტრუქციული ძალების" ჩარევის შემდეგ, ის არეულობაში გადაიზარდა, რასაც სამთავრობო შენობების კომპლექსის დაკავების არაერთგზის მცდელობა მოჰყვა. უკანონო ქმედებების დროს დაშავდა ჟურნალისტი, დაზიანდა "სახელმწიფო ქონება".







Print