ახალი ამბები
არჩევნების შემდეგ დაასაფლავეთ - "ჩირო გალსკის" ცხედარი ნათესავებმა გალში ვერ გადაასვენეს
საბერძნეთში გარდაცვლილი "კანონიერი ქურდის" ჩირო შონიას (კრიმინალურ წრეებში ცნობილია, როგორც "ჩირო გალსკი") ოჯახის წევრები 7 იანვარს  ენგურის ხიდთან შეიკრიბნენ, ისინი ცხედრის გალში გადასვენებას ითხოვდნენ, სადაც გარდაცვლილის მშობლებია დასაფლავებული, წერს "ნუჟნაია გაზეტა".

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, აფხაზეთის ხელმძღვანელობამ, დაკრძალვაზე ერთმანეთთან დაპირისპირებული კრიმინალური ავტორიტეტების კონცენტრაციის შიშით, ჩირო შონიას ახლობლებს ცხედრის გალის რაიონში გადასვენებაზე უარი განუცხადა. ჩირო შონიას ნათესავები, პროტესტის ნიშნად, დანარჩენ საქართველოში სამკურნალოდ გადმომსვლელი მოქალაქეებისთვის ე.წ. საზღვრის გადაკეტვით იმუქრებოდნენ. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები. 

ამის შემდეგ, მათ გარდაცვლილის მაღალჩინოსან ნათესავებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს დახმარებისთვის, რამაც შედეგი გამოიღო. არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთის "ხელისუფლებამ" ცხედრის დაკრძალვისთვის ნებართვა გასცა,  მაგრამ, მხოლოდ 2022 წლის მარტში, "საპარლამენტო არჩევნების" შემდეგ.

56 წლის ჩირო შონია ახალი წლის ღამეს საბერძნეთში, ათენში გარდაიცვალა. გავრცელებული იფორმაციით, მას სიმსივნე ჰქონდა.


Print