ახალი ამბები
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე მეოთხე მცდელობაზეც ვერ აირჩიეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარის არჩევა დღესაც ვერ მოახერხა. პარტიამ "საქართველოსთვის" კორნელი სალიას კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა საკითხი კენჭისყრის პროცედურამე ვერ მივიდა.

ამასთან, დეპუტატებმა თანამდებობების გადანაწილების რამდენიმე მოდელი განიხილეს, თუმცა დღეს შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

"ლელოს" წევრმა გოგა დარსალიამ საკრებულოს წევრებს შესთავაზა, თანამდებობები არჩევნებზე მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილებულიყო. საუბარია 4-3-1-1 ფორმულირებაზე, რომელიც, მისივე განმარტებით, შემდეგს გულისხმობს: თავჯდომარე - გახარიას პარტიიდან, მოადგილეები - ენმ-დან, "ლელოდან" და ასევე "ქართული ოცნებიდან", 3 კომისიის თავმჯდომარეობა "ნაციონალურ მოძრაობას", ხოლო 2 "ქართულ ოცნებას".

საბოლოოდ, დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ "ლელოს" ამ შემოთავაზებას პარტიის ხელმძღვანელებთან განიხილავენ. სხდომა 20 იანვრამდე გადაიდო.

ინფორმაციისთვის, წალენჯიხის წარმომადგენლობით ორგანოში ენმ-ის და "ქართული ოცნებას" 11-11 წევრი ჰყავს, "ლელოს" 1, ხოლო პარტია "საქართველოსთვის" 4 დეპუტატით არის წარმოდგენილი.

Print