ახალი ამბები
მასწავლებლის დამხმარე "კოლეგა" - მესტიისა და სენაკის სკოლის მოსწავლეებმა რობოტი შექმნეს
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მესამე ადგილზე გუნდი Goal Diggers გავიდა, რომლის წევრებიც არიან: ნუცა ჭულუხაძე (გორის N4 საჯარო სკოლა), ზურაბ რეზესიძე (მესტიის სოფელ ფარის საჯარო სკოლა), ვიტალი რევიშვილი (ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი), ლევანი ჭანტურია (სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია). ახალგაზრდებმა შექმნეს რობოტი მასწავლებელი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ როგორც მასწავლებლის დამხმარე "კოლეგა".

"რობოტის გამოყენება სასწავლო პროცესში მარტივი და სახალისოა. ის მოსწავლეს ეხმარება შეისწავლოს ანბანი, ფერები, გეომეტრიული ფიგურები და პირობითი ნიშნები, ასევე შეამოწმოს თუ რა ისწავლა მოსწავლემ და აძლევს შესაბამის უკუკავშირს", - ნათქვამია განათლების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, ათასწლეულის ინოვაციის მთავარი პრიზი – აშშ-ში NASA-ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრება მოიპოვა გუნდმა "ელფები", პროექტით "კარბონის ნანობოჭკოების გამოყენებით დაბალ ძაბვაზე ფუნქციონირებადი ჰაერის იონიზატორის კონსტრუირება". გუნდში ხუთი მოსწავლეა: ანასტასია ჩალაგაშვილი (მე-6 საავტორო სკოლა), პანტელეიმონ კობახიძე (სკოლა "აია-GESS"), მარიამ მიქაძე (სკოლა "აია-GESS"), თამარ მაღრაძე (სკოლა "აია-GESS") და გეგა ხაჩიძე (ვ.კომაროვის N199 საჯარო სკოლა).

მიუხედავად პანდემიისა, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2021 წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდა. 2020-2021 წლის კონკურსში მონაწილეობა 300-მდე მოსწავლემ მიიღო.  

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსში დღეისათვის 2 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.
Print