ახალი ამბები
"ახალი სიცოცხლე მუზეუმის კოლექციას" - გამოფენა ზუგდიდში
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში 2018-2021 წლებში რესტავრირებული ნივთების გამოფენა გაიხსნა. ინფორმაციას მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, პირველი გამოფენაზე, რომელსაც რეაბილიტირებული სასახლე მასპინძლობს, წარმოდგენილია ფერწერის, გრაფიკის, გრავიურის, ჭედური ხელოვნებისა და ყოფა-ეთნოგრაფიის ნიმუშები.


"ნივთები, რომელიც დღეს არის გამოფენილი, სავალალო მდგომარეობაში იყო. გამოსახულებები თითქმის შეჭმული ჰქონდა სოკოს, ძლიერ დაზიანებული იყო ნაქარგობებიც. აქ წარმოდგენილია პიერ ბლანშარი, ვასილი ტიმის, ფრიდრიხ ფრიშის ნამუშევრები, სადაც ასახულია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და დაღესტნის პეიზაჟები, რაც ფრიად მნიშვნელოვანი და ღირებულია ისტორიისათვის. გამოვყოფდი სვეტიცხოვლის ფრესკიდან გადმოღებული გრიგოლ გაგარინის გრაფიკულ ნამუშევარს, სადაც აღბეჭდილია ლევან მეორე დადიანის და - ქართლის დედოფალი მარიამი, როსტომ-ხანის მეუღლე, მის ვაჟ, ოტიასთან. წარმოდგენილია გრავიურები საფრანგეთის იმპერატორ, ნაპოლეონ ბონაპარტის გამოსახულებითა და მის მიერ გადახდილი საბრძოლო ეპიზოდებით. ყურადსაღებია აქ გამოფენილი ნაქარგობანი, გობელენები, სკივრები, რომლებიც დამშვენებულია გვირგვინით და სამთავრო ხელრთვებით", - თქვა ნიკოსეულ სასახლეში გამართულ პრეზენტაციაზე შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელმა და ფონდების მთავარმა მცველმა მარინა ქობალიამ.

მისივე თქმით, ზუგდიდის მუზეუმს მდიდარი ფონდი გააჩნია და ის 85 ათასამდე ექსპონატს მოიცავს. გარდა ამისა, მარინა ქობალიამ აღნიშნა, რომ რესტავრატორის ხელს კიდევ მრავალი ექსპონატი ელოდება, რისთვისაც ახალ მხარდამჭერებსა და სპონსორებს ელოდებიან. 

გამოფენა 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, მისი დათვალიერება კი უფასოა.


Print