ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სადაც შესვლა უფასოა, 6 მოლარე მუშაობს - აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, ა(ა)იპ ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში კადრების მართვასა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებული სისტემური ხარვეზების შესახებ ინფორმაცია მოხვდა. როგორც დოკუმენტშია მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ ბოტანიკურ ბაღში  შესვლა უფასოა, 2020 წელს აქ 6 მოლარე-კონსულტანტი იყო დასაქმებული, რომელთა ხელფასებზე 50.3 ათასი ლარი დაიხარჯა.

"აუდიტის ჯგუფის მიერ ბოტანიკური ბაღის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ უნდა შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა და არსებული საკადრო პოლიტიკა. განსაზღვროს რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია, გაანალიზდეს ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობები და მათზე დახარჯული სახსრები. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვა ან საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია", - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

ინფორმაციისთვის, რეაბილიტირებულ ბოტანიკურ ბაღში შესვლა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფასიანი იყო, თუმცა, მოგვიანებით, პანდემიის გამო ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება შეცვალა.


Print