ახალი ამბები
მოლარეები კოვიდრეგულაციების დაცვაში გვეხმარებოდნენ - ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს (ა)იპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში" უპასუხეს. ცენტრის ხელმძღვანელის ზვიად ქარჩავას განმარტებით, იმ მოლარე-ოპერატორებს, რომლებიც მოვალეობების გარეშე დარჩნენ, სხვა ფუნქციები დაეკისრათ. მისივე თქმით, აღნიშნული პირები, ბაღის ადმინისტრაციას პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დაცვაში ეხმარებოდნენ.

"როდესაც ბაღში შესვლა უფასო გახდა, ეს პირები დარჩნენ მოვალეობების გარეშე. პანდემიის დროს სახლში, რომ არ გაგვეშვა ეს ხალხი და პარალელურად, რეგულაციების დაცვა გახდა საჭირო, ისინი დავიხმარიეთ ამ რეგულაციების დაცვაში. ტარდებოდა თერმოსკრინინგი და აკონტროლებდნენ პირბადის წესების დაცვით ტარებას. 6-ვე მათგანს ხელშეკრულება 2021 წლის 31 დეკემბერს ამოეწურათ და ისინი დღეს უკვე არ მუშაობენ", - აღნიშნა ქარჩავამ.

მისივე თქმით, მოლარე-ოპერატორებისთვის ფუნქცია-მოვალეობების გაზრდის შესახებ აუდიტის სამსახურს ინფორმაცია მიაწოდეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, ა(ა)იპ ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში კადრების მართვასა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებული სისტემური ხარვეზების შესახებ ინფორმაცია მოხვდა.როგორც დოკუმენტშია მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში  შესვლა უფასოა, 2020 წელს აქ 6 მოლარე-კონსულტანტი იყო დასაქმებული, რომელთა ხელფასებზე 50.3 ათასი ლარი დაიხარჯა.


Print