ახალი ამბები
შესაძლოა "ოცნებამ" ზუგდიდის აუდიტის დასკვნა გახარიას პარტიაზე ზეწოლისთვის გამოიყენოს - წითლიძე
სახელმწიფო აუდიტის მიერ ზუგდიდის მერიის 2019-2020 წლების საქმიანობის შესახებ მომზადებულ დასკვნას პარლამენტის წევრი ანა წითლიძე გამოეხმაურა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ დოკუმენტში ასახული ხარვეზები, შესაძლოა, მმართველმა პარტიამ  ზუგდიდის ყოფილი მერის, გეგა შენგელიასა და მისი მოადგილის, გიგა ფარულავას საწინააღმდეგოდ გამოიყენოს, რომლებიც დღეს პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წარმოადგენენ. ამავე დროს, ფარულავა მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარეცაა. 

"აუდიტის დასკვნები 2014 წლიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტზე ყოველთვის იყო მძიმე. ზუგდიდის სტადიონზე, ყინულის სახლზე, წყალმომარაგების საკითხებზე - წყალი რომ გაიყვანეს, ფული გადაიხადეს და წყალი არ არის, ტენდერებზე, კორუფციულ გარიგებებზე - აუდიტის სამსახური პირდაპირ მიუთითებდა სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე. ყველა მათგანზე პროკურატურაში შეტანილი გვაქვს განცხადება, ყველა მათგანზე ჩვენება მაქვს მიცემული და დაკითხული ვარ.

2019-2020 წლის დასკვნაც არის მძიმე. ერთი განსხვავებით: ამ პერიოდის მერი და ვიცე მერი გახლდნენ გეგა შენგელია და გიგა ფარულავა. ორივე მათგანი დღეს გახარიას პარტიას წარმოადგენს. ერთი თავმჯდომარეა, მეორე საკრებულოს წევრი. არ გამოვრიცხავ, რომ აუდიტის ეს დასკვნა "ქართულმა ოცნებამ" მათზე ზეწოლისთვის გამოიყენოს და საკრებულოში კოალიციაზე დაითანხმოს.

აქ საინტერესოა რას იზამს პროკურატურა, დაიწყებს თუ არა გამოძიებას აუდიტის დასკვნის საფუძველზე, თუ დაიწყებს, მაშინ მოუწევთ კითხვაზე პასუხი: წინა წლების აუდიტის დასკვნებზე, ოფიციალურად შეტანილ განცხადებებზე რომ რეაგირება არ ჰქონიათ, მაგაზე რას აპირებენ", - წერს წითლიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მოამზადა, რომელშიც არაერთი ხარვეზია ასახული.
Print