ახალი ამბები
"დროას" ოფისი ზუგდიდის მერიას მოუწოდებს პასუხი გასცენ აუდიტის ანგარიშს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით "დროას" ზუგდიდის ორგანიზაციაში ბრიფინგი გამართეს.

ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის მარიამ სიჭინავას თქმით, აუდიტის ანგარიში ცხადყოფს, რომ მმართველი პარტია ტენდერებს "ქართული ოცნების" შემომწირველებს არგებს. მისივე თქმით, ამის დასტურად ის ორი შემთხვევაც კმარა, რომელიც აუდიტის ანგარიშში მოხვდა.

"ქართული ოცნება თავის შემომწირველებს უფორმებს ტენდერებს, რის შედეგადაც, ერთ შემთხვევაში, დავკარგეთ 618 ათასი ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 320 ათასი ლარი. ეს ეხებოდა "ჯი - თი გრუფს", რომლისგანაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა შეიძინა ავტობუსები. მერიამ ტენდერის პირობები ამ კომპანიას ისე მოარგო, რომ მილიმეტრებში გაწერა ავტობუსების სიგრძე-სიმაღლე და ფერიც კი. აუდიტმა შეისწავლა ეს საკითხი და გაარკვია, რომ სხვა მუნიციპალიტეტებში 178 ათას ლარად შეიძინეს, ზუგდიდის მერიამ კი 220 ათასი გადაიხადა. სულ შევიძინეთ 15 ავტობუსი, შესაბამისად დავკარგეთ 618 ათასი ლარი. ეს თანხა თითოეული ზუგდიდელის ჯიბიდან გაიფლანგა. შპს "დამბას" შემთხვევაში კი, რომელმაც ანაკლიაში რესტორანს ჩაუტარა სარემონტო სამუშაოები, აქაც იკვეთება კორუფციის ნიშნები. ამ შპს - ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნათია წუკილაშვილი არის "ქართული ოცნების" შემომწირველი. მას მმართველი პარტიისთვის შეწირული აქვს 20 ათასი ლარი. ასევე, მის თანამფლობელებს სხვადასხვა დროს ოცნებისთვის შეწირული აქვთ 180 ათასი ლარი. ამ ტენდერის მიმდინარეობისას 2019-2020 წლებში, შპს "კაპიტალ პლუსს" გაურკვევევლი მიზეზებით დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. იგივეს ამბობს აუდიტი, არ კონკრეტდება რატომ მიანიჭეს დისკვალიფიკაცია. ჩვენ მოვიკვლიეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ამ კომპანიის მფლობელს "ქართული ოცნებისთვის" არასოდეს არ შეუწირია თანხა განსხვავებით იმ კომპანიისგან, რომელმაც მოიგო ტენდერი", - ამბობს მარიამ სიჭინავა.

გარდა ამისა, პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი აუდიტის ანგარიშში ასახულ კიდევ ერთ თემას, წყალმომარაგების საკითხს შეეხო და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, პასუხი გასცენ იმ ყველაფერს, რაზეც სახელმწიფო აუდიტი საუბრობს.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მოამზადა, რომელშიც არაერთი ხარვეზია ასახული.

Print