ახალი ამბები
"შეიძლება ჩავბნელდეთ" - წალენჯიხის მერის საგანგებო განცხადება
წალენჯიხის მერი მუნიციპალიტეტის 2022 წლის დაუმტკიცებელ ბიუჯეტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. გია ხარჩილავას თქმით, ბიუჯეტის არმიღება და დროში გაწელვა გამიზნული ან სრულიად გაუაზრებელი ქმედება, რაც ჯანსაღი საბიუჯეტო პროცესის ჩავარდნას იწვევს. ახლად არჩეული მერი თვლის, რომ ამ რეჟიმში მიმდინარე პროექტის ნაწილის გაგრძელება შეუძლებელია.

„უნდა გვესმოდეს, რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა და 1/12 ხარჯვითი რეჟიმი არის მუშაობის საგანგებო მდგომარეობა და წარმოადგენს ბევრი მიმართულებით საქმის შემაფერხებელ გარემოებას.

1.დღეს დაიწყო სასწავლო პროცესი და მოსწავლეებს მოემსახურა სასკოლო ტრანსპორტი. კარგი პროგრამაა, მაგრამ ამ პერიოდში მისი განხორციელება, მერიის მიერ(!), გახდა შეუძლებელი, რადგან იანვრის ხარჯს დაემატება წინა წლის დეკემბრის, ამ წელს გადმოსული, გასასტუმრებელი ვალდებულება და ეს ჯამი, ბუნებრივია, ბევრად მეტია (თითქმის ორმაგია) იმ აღნიშნულ 1/12 ზე. აი,ჯამში 1/12 ზე მეტი (!) ვალდებულების იანვრის თვეში აღებაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე კანონი არ იძლევა შესაძლებლობას. (კანონს ვერ გადავალთო,ფინანსთა სამინისტრომ). წარმოიქმნა პროექტის შეჩერების საშიშროება.

მერიის, განათლების სამინისტროს, სსიპ (სააგენტო), ფინანსთა სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი რესურსცენტრის მხარეთა ერთობლივი, ძალიან ინტენსიური მუშაობით, გამოინახა გზა და პროექტი, ფაქტიურად, ბოლო წუთზე, გადარჩა შეჩერებას და გაგრძელდა, მაგრამ გაგრძელდა არა (!) მერიის, არამედ სხვა (!) სუბიექტის მიერ.

დასკვნა:

1/12 რეჟიმით მერიის მიერ ამ მიმდინარე პროექტის გაგრძელება გახლდათ შეუძლებელი!

2. ანალოგიური სურათი იხატება მუნიციპალიტეტის გარე განათების საკითხში. გასასტუმრებელია ნოემბერ-დეკემბერი (რატომ?) !!! და აქაც ვდგავართ ძალიან სერიოზული პრობლემის (გარე განათების) წინაშე. შეიძლება ჩავბნელდეთ.

3. ანალოგიურად დადგება საკითხი "რეგიონალური განვითარების ფონდის" და პროექტის "განახლებული რეგიონებისთვის" შესრულებული სამუშაოების დადასტურებისას.

ასე, რომ, ბიუჯეტის არმიღება და დროში გაწელვა გახლავთ ზუსტადაც რომ გამიზნული ან სრულიად გაუაზრებელი ქმედება, რაც იწვევს ჯანსაღი საბიუჯეტო პროცესის ჩავარდნას (თავისი არსით და შესაძლო შედეგებით ეს გახლავთ საბოტაჟი) და და ამ პროცესის შედეგად ზარალდება ისედაც უამრავ პრობლემებში ჩაფლული ჩვენი მოსახლეობა.

მოვუწოდებ საკრებულოს, სასწრაფოდ შეიკრიბოს და ფორმირდეს, ამასთან უმოკლეს ვადაში განხილულ და დამტკიცებულ იქნეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი“, - ვკითხულობთ მერის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, წალენჯიხაში, სადაც მერი ოპოზიციური პარტიიდან არის, მიმდინარე წლის ბიუჯეტი დამტკიცებული არ არის. ამასთან, საკრებულო ვერ ახერხებს თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირების არჩევას.

წალენჯიხის წარმომადგენლობით ორგანოში ენმ-ს და "ქართული ოცნებას" 11-11 წევრი ჰყავს, "ლელოს" 1, ხოლო პარტია "საქართველოსთვის" 4 დეპუტატით არის წარმოდგენილი.


Print