ახალი ამბები
სოხუმში მაინერების გამოსავლენად რეიდების განახლებას გეგმავენ
ზამთრის პერიოდში, ამინდის გაურესებასთან ერთად, ელექტროქსელებზე დატვირთვა აფხაზეთში მკვეთრად გაიზარდა, რაც, სულ უფრო ხშირად ხდება ავარიების და ტრანსფორმატორების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი. ამის შესახებ, აფხაზმა ენერგეტიკოსებმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლემა სოხუმის "ადმინისტრაციის" ხელმძღვანელთან, ბესლან ეშბასთან შეხვედრაზე განაცხადეს. მათი თქმით, მეტწილად, დატვირთვა ქსელებზე ელექტროგამათბობლების გამოყენების ხარჯზე იზრდება, წერს "აფსნიპრესი".

"ენერგოზბიტის" წარმომადგენლის ჯამბულ არშბას განმარტებით, მოქალაქეები კერძო სახლებშიც კი ელექტრომოწყობილობებით ათბობენ ოთახებს და ნაკლებად იყენებენ შეშის ღუმელებს. დატვირთვის გამო მწყობრიდან არა მარტო ფიდერები, არამედ 600 - ამპერიანი გადამრთველებიც გამოდის, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ელექტროქსელების პრობლემის მოგვარება მხოლოდ ტრანსფორმატორის სიმძლავრეების გაზრდით ვერ მოხერხდება და ისევ პრობლემად რჩება კრიპტოვალუტის მომპოვებელთა მიერ ელექტრონერგიის უკანონო მოხმარება. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების აღკვეთის მიზნით ხვალიდან ისევ განახლდება რეიდები სოხუმში მაინერების გამოსავლენად.

აფხაზური ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" მანადე იუწყებოდა, რომ ზამთრის პერიოდში გაზრდილი დატვირთვის გამო, სოხუმის ცენტრალურ ნაწილს ელექტროენერგია დღეში 2 საათით ეზღუდება. "მარაოსებრი" გათიშვების გარიფიკი ქალაქის სხვა უბნებსა და სოხუმის რაიონის ნაწილისთვის პერიოდულად მანამდეც წესდებოდა.

ამავე ცნობით, 21 დეკემბრიდან აფხაზეთის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია რუსეთიდან მიეწოდება და "მარაოსბერი" გრაფიკი ამ დროიდან გაუქმებული იყო, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ელექტროქსელებზე დიდი დატვირთვის დროს წესდებოდა. თუმცა, კომპანიისვე ინფორმაციით, მაღალი ძაბვის ხაზებს "შეშელეთი - 1" და "შეშელეთი - 2", რომლებიც ოჩამჩირის, გულრიფშის და გალის რაიონებს უზრუნველჰყოფს ელექტროენერგიით, ისევ ენგურჰესი კვებავს.

Print