ახალი ამბები
ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს უფასო - ზუგდიდში აქცია დაიგეგმა
ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე დაწესებულ გადასახადს გააპროტესტებენ. აქცია ზუგდიდელების საინიციატივო ჯგუფისა და მოძრაობა "ხმის" მიერ არის ორგანიზებული. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, ფეოდალიზმის ხანის შემდეგ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ბარიერებთან არასდროს ყოფილა დაკავშირებული.

"ბოტანიკური ბაღი ფასიანი ხდება! თუ არ გადაიხდი - ვერ შეხვალ.

ბენზინის გაძვირების, კომუნალურების გაძვირების, საკვები პროდუქტების გაძვირების შემდეგ შენს საყვარელ ბაღში შესვლა ფასიანი ხდება. ​მოითმენ ყველაფრის გაძვირებას?

ფასიანი გახდება იქ მოხვედრაც, სადაც გაიზარდე, რასთანაც ყველაზე ძვირფასი მოგონებები გაკავშირებს, სადაც აზრს ცვლი, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად დადიხარ, ახალ მეგობრებს პოულობ, ისვენებ, ერთობი.​ მოითმენ ამასაც?

მოემზადე, რომ ბაგა-ბაღებსაც ფასიანს გახდიან, შენი უბნის პარკებს და სკვერებს სხვებს მიყიდიან.

თუ გინდა, რომ შენი ქალაქის მთავარ ბაღში შესვლა ფასიანი არ იყოს, თუ გინდა, რომ შენს უმუშევრობას და უმუშევრობის ტოლფას ხელფასს ეს უსამართლო ხარჯიც არ დაემატოს -

თუ შენი ქალაქის ყველაზე ცოცხალი და ლამაზი ადგილის დასაცავად მზად ხარ - მოდი პარასკევს, 28 იანვარს, ზუგდიდში, ბულვარის შუა ნაწილში - შადრევანთან, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან.

მოვითხოვოთ: ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს უფასო!", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ბოტანიკურის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ბაღში შესვლა 1-ლი თებერვლიდან ფასიანი ხდება. დაწესდება აბონემენტები და შეღავათებით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პირები ისარგებლებენ. 


Print