ახალი ამბები
სვანეთში ოქროს შესწავლა-მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა
წიაღის ეროვნულმა სააგენტომ მესტიის სოფლებში, ღვებალდისა და გვალდერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ენგურის ქვიშრობული ოქროს შესწავლა-მოპოვებაზე აუქციონი გამოაცხადა. საწყისი ფასი 10 000 ლარია, ვაჭრობა 15 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება და ამავე დღეს, 18:00 საათზე დასრულდება. სარგებლობის ლიცენზიის ვადა 5 წელია. ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით, რომელიც აუქციონს თან ახლავს, საკვლევი ტერიტორია 80 ჰა-ზე მეტია. აღნიშნული სოფლები ცხუმარისა და ეცერის თემებში შედის. 

აუქციონის პირობების მიხედვით, ლიცენზიის მფლობელი, სხვა მთელ რიგ საკითხებთან ერთად, ვალდებულია მოქალაქეებს არ შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება. ლიცენზიით გამოყოფილი ტერიტორიის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა კი მესაკუთრესთან შეთანხმებით უნდა განხორციელდეს. ამასთან, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სამუშაოების დაწყებამდე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.

აუქციონს ასევე თან ერთვის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საკვლევ ფართობზე ჩატარებული არქეოლოგიური სადაზვერვო-საძიებო სამუშაოების შედეგად, არტეფაქტები არ ფიქსირდება. თუმცა სააგენტოში მიიჩნევენ, რომ მიწის სამუშაოების დროს შესაძლოა არქეოლოგიური ობიექტები გამოვლინდეს. აქედან გამომდინარე, სამუშაოები არქეოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა წარიმართოს.

ინფორმაციისთვის, სვანეთში ადგილობრივი მოსახლეობა ოქროს საწარმოო წესით მოპოვებას ეწინააღმდეგება. ისინი მიიჩნევენ, რომ ამით გარემო დაზიანდება და სოფლები ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგებიან. ადგილობრივებმა გასულ წლებში ხატზეც დაიფიცეს, რომ ოქროს საწარმოო წესით მოპოვებას არ დაუშვებენ.
Print