ახალი ამბები
ასლან ბჟანიას რუსეთში ოპერაცია ჩაუტარდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში თირკმელზე ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას აფხაზი ლიდერის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ეს იყო გეგმიური ოპერაციაა და ბჟანია თავს კარგად გრძნობს.

10 იანვარს ბჟანიას პრესსამსახური იუწყებოდა, რომ ის რუსეთში გაემგზავრა სამედიცინო გამოკვლევისთვის. მას შემდეგ "პრეზიდენტი" საჯაროდ არ გამოჩენილა. 2020 წლის დეკემბრის ბოლოს ასლან ბჟანიას ჩოვიდ- 19 დაუდასტურდა. 2021 წლის იანვრის შუა რიცხვებში, მისმა პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ბჟანია კოვიდისგან განიკურნა.

მანამდე, 2019 წლის ივნისში, როდესაც ასლან ბჟანია გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი იყო, მისმა მომხრეებმა განაცხადეს, რომ ბჟანია მოწამლეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მას ჯერ რუსეთში, შემდეგ კი, გერმანიაში მკურნალობდნენ, თუმცა, რა დიაგონოზით, უცნობია.

2020 წლის მარტში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა, "ჯანდაცვის" სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია დაუდგინდა.

თავდაპირველად ის სოჭის ერთ-ერთ კილინიკაში, შემდეგ კრასნოდარის საოლქო საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ამავე პერიოდში, "რია ნოვოსტი" ავრცელებდა ინფორმაციას ყუბანის სამედიცინო წრეების წყაროზე დაყრდნობით, რომ ექიმებმა ბჟანიას დაუსვეს დიაგნოზი: "გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლვა".

Print