ახალი ამბები
ზუგდიდის 2 სკოლა და 6 კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

კორონავირუსის გავრცელების გამო, ზუგდიდის მე-2 საჯარო და ფრანგულ-ქართული კერძო სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე სრულად გადავიდა.


ამასთან, დისტანციურად სწავლობს სოფელ ინგირის მე-2 სკოლის 4 კლასი და ქალაქის მე-11 საჯარო სკოლის 2 კლასი. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ უთხრა.

მისივე განმარტებით, ზემოაღნიშნული ციფრები ბოლო 3 დღის მონაცემებია და სასწავლო დაწესებულებებში შემთხვევების რაოდენობა ყოველდღე მატულობს.

"ამ დროისთვის, 126 მოსწავლე და 36 მასწავლებელია ინფიცირებული. ნამდვილად რთული ვითარებაა შექმნილი, მონაცემებს ყოველ საათში ერთხელ ვანახლებთ. ველოდებით შემთხვევების რაოდენობის ზრდას. თითო-ოროლა შემთხვევა ბევრ სკოლაში ფიქსირდება. შექმნილი მდგომარეობის შესახებ ჯანდაცვის სამსახური ინფორმირებულია და მათგან ყოველდღიურად ვიღებთ რეკომენდაციებს", - აღნიშნა ბულიამ

ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19 კიდევ 680 პირს დაუდასტურდა.

 

Print