ახალი ამბები
„არ ვაპირებ წყაროს დასახელებას“ - მარიამ სიჭინავა პროკურატურაში დაიბარეს
„დროას“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელმაც პოლიციელის მხრიდან ქალზე ძალადობის კადრები სოციალურ ქსელში პირველმა გაავრცელა, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მან უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არ აპირებს წყაროს დასახელებას, თუ ვინ მიაწოდა მას ვიდეო.

„ბუნებრივია ვაპირებ მათთან თანამშრომლობას და ვაპირებ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას, გარდა იმისა, თუ ვინ მომაწოდა ვიდეო. პირად საუბარში მითხრეს, რომ ერთ-ერთი კითხვა სწორედ წყაროს დასახელება იქნება. ვიდეო მივიღე იმ პირობით, რომ წყაროს დავტოვებდი კონფიდენციალურად. არ ვაპირებ იმ ადამიანის ვინაობის დასახელებას. ის ახლაც დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არის. თუ მე მის ვინაობას გავამხელ არ ვიცი თუ რა ზიანი მიადგება მას ან  მის ოჯახის წევრებს“, - აღნიშნა სიჭინავამ.

ინფორმაციისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ქალს ქუჩაში სცემს. კადრები ზუგდიდის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის მიმდებარედ არის გადაღებული.

საქართველოს პროკურატურამ ქალზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი გ.ბ. დააკავა. მას ოფიციალურად ბრალს დღეს წარუდგენენ.
Print