ახალი ამბები
სოხუმში აფხაზურ-რუსული ანტიტერორისტული წვრთნები გაიმართა
სოხუმში, თავისუფლების მოედანზე აფხაზურ-რუსული ანტიტერორისტული წვრთნები გაიმართა. ქალაქის ცენტრში, (ომის დროს დამწვარი აფხაზეთის ყოფილი მინისტრთა საბჭოს მრავალსართულიანი შენობის მიმდებარედ), მიმდინარე სწავლებაში დე ფაქტო რესპუბლიკის შსს - ს, უშიშროების სამსახურის, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.

"აფხაზეთის ისტორიაში პირველად ტარდება მასშტაბური, აფხაზურ-რუსული ანტიტერორისტული სწავლებები. აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებულია, პირველ რიგში, საგარეო საფრთხეების პრევენციისთვის და რა თქმა უნდა, ტერორისტული ხასიათის შიდა გამოვლინებებისთვის", - ამის შესახებ "აფსნიპრესს" დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის უფროსმა რობერტ კიუტმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, 30 იანვარს გამართულ სწავლებაში 500-მდე პირი მონაწილეობდა. წვრთნების სცენარის მიხედვით, მოხდა სამთავრობო შენობაში ტერორისტების მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლება ავიაციის და ჯავშანტექნიკის გამოყენებით.

კიუტის თქმით, მსგავსი ღონისძიებები რუს კოლეგებთან თანამშრომლობით კიდევ ჩატარდება და არა მხოლოდ დასახლებულ პუნქტებში, არამედ ზღვაზე და მთებშიც.

გამოცემის თანახმად, "ანტიტერორისტული სწავლებები" აფხაზეთში 2022 წლის 27 იანვარს დაიწყო და 5 თებერვლამდე გასტანს.


Print