ახალი ამბები
ISFED ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან გათავისუფლებული თანამშრომლის უფლებებს დაიცავს
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ზუგდიდის მერიის ა(ა)ი.პ "მოსწავლე–ახალგაზრდობის  სასახლის" ყოფილი თანამშრომლის, თამარ ქომეთიანის უფლებებს სასამართლოში დაიცავს. ამის შესახებ ორგანიზაციის რეგიონულ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. თამარ ქომეთიანმა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ მასზე ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა. 

"დირექტორმა ოთახში დამიბარა და მომთხოვა ჩემი ნებით დამეწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ, რადგან ვიყავი გიორგი გახარიას მხარდამჭერი. არჩევნების დროს მე ღიად გამოვუცხადე მხარდაჭერა გახარიას, არ დამიმალავს ეს და ფეისბუქ გვერდზე გამოვაქვეყნე სურათი, რასაც მოყვა ძალიან დიდი ზეწოლა. მათ შორის, სურათის გამოქვეყნების გამო დამეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და 10 დღით დამიკავეს ხელფასი.  25 დეკემბერს ჩემი მეუღლე გახდა ძალიან ცუდად და რეანიმაციულ განყოფილებაში მოვხვდით ქუთაისში, ახლაც აპარატზეა შეერთებული. ამ დროს აღმოჩნდა რომ არ გამიგრძელდა ხელშეკრულება. 2 უმუშევარი შვილი მყავს სახლში", - ამბობს ქომეთიანი. 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების რეგიონულმა ხელმძღვანელმა დავით ლოგუამ აღნიშნა, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის მატერიალური და ტექნიკური საკითხების განყოფილების ყოფილი უფროსის დასაცავად სარჩელს უკვე ამზადებენ და სასამართლოს უმოკლეს ვადებში მიმართავენ. 


ამავე თემაზე: 

გახარიას მხარდაჭერისთვის გამათავისუფლეს - ზუგდიდის მერიის ააიპ-ის თანამშრომელი
Print