ახალი ამბები
სოხუმის სკოლები და ბაღები 11 თებერვლამდე კარანტინში რჩება
სოხუმის სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი 11 თებერვლამდე არ განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის "ადმინისტრაციამ" რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო, წერს "აფსნიპრესი". 

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, სოხუმის ყველა სკოლა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება კარანტინში 27 იანვრიდან გადავიდა. სასწავლო პროცესი 4 თებერვალს უნდა განახლებულიყო. 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოკვლეული 739 ადამიანიდან კორონავირუსი 409-ს დაუდასტურდა. აფხაზეთის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 156 პირი მკურნალობს, მათგან 30-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სოხუმმა Covid 19-ით ინფიცირების 45 513 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელდა 37 805, ხოლო გარდაიცვალა 602 ადამიანი.

Print