ახალი ამბები
"გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი", "ბოტანიკური უნდა იყოს უფასო", - სტენსილები ზუგდიდის ქუჩებში
ახალგაზრდებმა ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე დაწესებული გადასახადები ამჯერად ქალაქის ქუჩებში გაკეთებული წარწერებით გააპროტესტეს. სტენსილები მათ სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსეს. აქცია საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელში დაგეგმეს. წარწერების გასაკეთებლად საჭირო საღებავების თანხა კი მოქალაქეებმა შეაგროვეს. 

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა 1-ლი თებერვლიდან გახდა ფასიანი. ადგილობრივების უმრავლესობა აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებს. გადასახადის შემოღება მისაღებია მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილისთვის. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ბაღის ტერიტორიაზე ვანდალიზმის ფაქტების შემცირებას შეუწყობს ხელს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ა(ა)იპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრისთვის" 850 ათასი ლარია გათვალისწინებული. თანხა თითქმის სრულად იხარჯება ბაღის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების ხელფასზე. 

ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაციისთვის 11 974 436 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები სამშენებლო კომპანია "ჯავამ" განახორციელა, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა ზუგდიდს საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50% მერიამ 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღო, ხოლო დანარჩენი 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოყო. რაც შეეხება რეაბილიტაციისთვის საჭირო დანარჩენ 30%-ს, მუნიციპალიტეტმა გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღო. მერიამ სესხის სახით აღებული ფინანსური ვალდებულების გადახდა 2020 წლის იანვრიდან დაიწყო და ის 2028 წლის მარტის თვეში დასრულდება.

ამავე თემაზე: 

რატომ დაწესდა ზუგდიდის ბოტანიკურში შესვლაზე ფასი და რას ითხოვენ მოქალაქეები
Print