ახალი ამბები
სენაკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ვახტანგ ნიკოლავა დაინიშნა
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, "პროფესიული თეატრების შესახებ" კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას, ოთხი წლის ვადით, 1 მარტიდან დაიკავებს. 

"ვახტანგ ნიკოლავა დღემდე არასოდეს ყოფილა სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და იგი ამ პოზიციაზე პირველად ინიშნება. მას დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეატრის რეჟისურა), სხვადასხვა წლებში იყო სამსახიობო სტუდიის ხელმძღვანელი/რეჟისორი, თბილისის ალ. გრიბოედოვის თეატრის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მსახიობი, რეჟისორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი", - ნათქვამია განცხადებაში.

სენაკის დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კანდიდატმა, რომელთაგან სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს სამინისტრომ განსახილველად ორი კანდიდატურა წარუდგინა - მსახიობი კახაბერ მიგინეიშვილი და რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა. სარეკომენდაციო საბჭომ განიხილა მოცემული კანდიდატურები და მათგან შეარჩია და მინისტრს დასანიშნად წარუდგინა რეჟისორ ვახტანგ ნიკოლავას კანდიდატურა.
Print