ახალი ამბები
ბერდია სიჭინავა: "ოცნების" წარმომადგენლები გამოცხადნენ სენაკის საკრებულოში და მათ კანდიდატს მხარს დავუჭერთ
"გახარია-საქართველოსთვის" წევრები სენაკის საკრებულოში შექმნილ კრიზისში მმართველ პარტიას ადანაშაულებენ და "ქართული ოცნების" დეპუტატებს მოუწოდებენ, დღევანდელ სხდომას დაესწრონ. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ისაუბრა. მისი თქმით, "ოცნების" მიერ საკრებულოს ბოიკოტირების მიზანი, სენაკში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.

"სენაკის მუნიციპალიტეტი არის იმ მუნიციპალიტეტებს შორის ერთ-ერთი, სადაც ჩვენს პოლიტიკურ პარტიას აქვს გადამწყვეტი ხმები და დღეს, 15:00 საათზე ჩანიშნულია საკრებულოს მორიგი სხდომა. როგორც თქვენთვის ცნობილია, საკრებულოში ჩატარებული 8 სხდომიდან, ბოლო ხუთი სხდომაა "ოცნების" წარმომადგენლები, მათი პარტიული ხელმძღვანელების პირდაპირი დავალებით, არ მოდიან სხდომაზე და უკვე თითქმის ორი თვეა საბოტაჟს უწყობენ საკუთარ მუნიციპალიტეტს და იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთა ყოველდღიურობაზეც ამ უპასუხისმგებლო ქმედებას აქვს პირდაპირი გავლენა. "ოცნების" გაცხადებული მიზანია სენაკის მუნიციპალიტეტში ახალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით შექმნილი პოლიტიკური რეალობისა და სენაკელების არჩევანის ასე ხელოვნურად, ძალისმიერი ცვლილება. ახალი არჩევნების მზადებისთვის დავალება, "ოცნების" ხელმძღვანელების მიერ, სამეგრელოში ბოლო ვიზიტის დროს გაიცა. ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს "ოცნების" წარმომადგენლები უკანონოდ ავალებენ დღევანდელი სხდომის ჩაშლის მიზნით, არ გამოცხადდნენ საკრებულოში, რაც წარმოადგენს უკანონობას და საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობას, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება", - თქვა სიჭინავამ.

ის ამბობს, რომ დღევანდელი სხდომა იქნება ტესტი, თუ ვინ ქმნის ხელოვნურ კრიზისს და რომელი პოლიტიკური პარტიისთვის არის სენაკელების ინტერესები პირველხარისხოვანი.

ინფორმაციისთვის, სენაკის წარმომადგენლობით ორგანოში სულ 33 წევრია, მათ შორის "ქართული ოცნებიდან" 16 დეპუტატი, 13 ნაციონალური მოძრაობიდან, ხოლო 4-ს კი პარტია "საქართველოსთვის" მანდატი აქვს.
Print