ახალი ამბები
ანა წითლიძე ხელისუფლებას დეცენტრალიზაციის პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს
მიუხედავად "ქართული ოცნების" არაერთი წინასაარჩევნო დაპირებისა და ფასადურად გატარებული რეფორმებისა ადგილობრივ თვითმმართველობაში რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი დღემდე არ დაწყებულა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინზე პარლამენტის წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ანა წითლიძემ ისაუბრა. მისი თქმით, დეცენტრალიზაციის განხორციელება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, თუმცა ცენტრალური ხელისუფლება ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.

"ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ოპოზიციური საკრებულოების შემდეგ, რადგან დეცენტრალიზაციის პროცესი გულისხმობს ადგილობრივი არჩეული საკრებულოებისთვის და მერებისთვის ისეთი უფლებამოსილების გადაცემას, როგორიც არის ადგილობრივი ქონება, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო მიწები, საძოვრები, ბუნებრივი წიაღისეული. დღეს ყველა ეს ჩამოთვლილი უფლებამოსილება არის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია, რომელიც დამატებით ბიუროკრატიას ქმნის ადგილებზე, ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის. მაგალითად თუ ზუგდიდელს, წალენჯიხელს, სენაკელს დასჭირდება თავისი სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაცია, მან ამისთვის უნდა მიმართოს ცენტრალურ ხელისუფლებას და ადგილობრივი ხელისუფლება არ არის უფლებამოსილი. რეალურად კი, ევროპული ქარტიით და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, ყველა ეს ჩამოთვლილი კომპეტენცია არის სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება", - ამბობს პარლამენტარი.

გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ პრობლემად რჩება ის ადგილობრივი შემოსავლები, რომელთა ძირითად ნაწილს ხელისუფლება ანაწილებს. 

"მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" არაერთი წინა საარჩევნო დაპირება იყო ადგილობრივი შემოსავლების სრულად დატოვება ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს მისცემდა შესაძლებლობას ყოფილიყო თვითკმარი. დამატებითი შემოსავლების მხოლოდ 19% რჩება ადგილობრივ ბიუჯეტში, დანარჩენს ანაწილებს ცენტრალური ხელისუფლება, რაც ასევე დამატებით პრობლემას ქმნის ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ქონების გადაცემის პროცესზე ვალდებულება საქართველოს ფინანსთა, იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტრომ აიღეს ჯერ კიდევ 2017 წელს, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 162-ე მუხლი პირდაპირ ავალდებულებდა მათ, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა დაეწყოთ ქონების გადაცემის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობებითვის, თუმცა ეს პროცესი არ არის დღემდე დაწყებული", - თქვა ანა წითლიძემ.

ის მოუწოდებს აღნიშნულ სამინისტროებს დაუყოვნებლივ დაიწყონ ქონების გადაცემის პროცესი ადგილობრივ თვითმმართველობებში, რაც მისივე თქმით, ხელს შეუწყობს არჩეულ საკრებულოებსა და მერებს იყვნენ უფრო ქმედითები. ასევე, პარლამენტის წევრი საქართველოს პარლამენტის რეგიონული და თვითმმართველობის კომიტეტის ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს და მოითხოვს, რომ მის მიერ დასახელებულ საკითხებზე განხორციელდეს საპარლამენტო ზედამხედველობა.
Print