ახალი ამბები
აფხაზეთის მიერ გაერო-ში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მოთხოვნაზე საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
საოკუპაციო რეჟიმებს სხვა დროსაც, არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა "დამოუკიდებელი" სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. აღნიშნული კომენტარი საგარეო უწყებამ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გაერო-ში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსს ითხოვს.

"საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა.

სოხუმი ითხოვს, რომ გაერომ მიანიჭოს "მეთვალყურე სახელმწიფოს" სტატუსი, რაც გენერალური ასამბლეის დისკუსიებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას თქმით, მათი სურვილია "მსოფლიომ გაიგოს აფხაზეთის ხმა" და თავად გააგებინონ "როგორ არის საქმე მათ ქვეყანაში".
Print