ახალი ამბები
საგარეო უწყება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო კიევში და გენერალური საკონსულოები ოდესასა და დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასულები არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

"საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17. ამასთან, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო.

როგორც ცნობილია, აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინის ტერიტორია. შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან როგორც ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
Print