ახალი ამბები
მთავრობა სოციალური შემწეობის მიმღები პირებისთვის დასაქმების პროგრამას იწყებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოციალურად დაუცველი პირებისთვის სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 1-ელი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა იწყება.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა და ზოგადად, უნდა შევცვალოთ სოციალური პოლიტიკა. კარგად ვიცით, რომ გზა სიღარიბის შემცირებისკენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გადის. ამიტომ წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა. ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. დღემდე არსებული სოციალური პოლიტიკა, შრომისუნარიან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უმოქმედობისკენ უბიძგებს. 600 ათასი სოციალური დაუცველი მოქალაქიდან, 200 ათასამდე და მეტი შრომისუნარიანია. ისინი არიან აბსოლუტურად დემოტივირებულები იმისა, რომ დასაქმდნენ ლეგალურად. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მოხუცებს, ბავშვებს, შშმ პირებს, ყველას, ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება, ამოქმედება, საკუთარი თავის რეალიზება. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქე, ვისაც ეს შეუძლია ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საკითხზე საუბრისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პირის პროგრამაში ჩართვა არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას.



Print