ახალი ამბები
10 წლის მანძილზე ასეთი რთული გადაწყვეტილება არ მიმიღია - ანა წითლიძე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაზე
პარლამენტის წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ანა წითლიძე ამბობს, რომ გახარიას პარტიის წარმომადგენლისთვის მხარდაჭერის გამოცხადება მათთვის მარტივი არ იყო და „საქართველოსთვის“ წევრების მიმართ კითხვები დღემდე აქვთ. მისივე თქმით, მთავარია მუნიციპალიტეტი კრიზისიდან გამოვიდა და საკრებულოს ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც არის ოპოზციის წევრი.

„ვულოცავ ზუგდიდელებს. მოქალაქეების არჩევანი ამ არჩევნებზე იყო ის, რომ ზუგდიდში უმრავლესობით წარმოდგენილი ყოფილიყო ოპოზიცია, არ იყო დღევანდელი გადაწყვეტილება მარტივი და მე შემიძლია ვთქვა, რომ 10 წლის განმავლობაში, რაც მე აქ საარჩევნო კამპანიას ვხელმძღვანელობ, ამაზე რთული გადაწყვეტილება არ მიმიღია. გახარიასთან ჩვენ ღირებულებების დიდი სხვაობა გვაქვს და არც ეს კითხვები წასულა არსად 20 ივნისთან დაკავშირებით და ია კერზაიას სახელთან დაკავშირებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და ა.შ.

ჩვენ ვიდექით 2 არჩევანის წინაშე: ან მუნიციპალიტეტი უნდა ყოფილიყო კრიზისში, რაც ნიშნავდა ხელახალ არჩევნებს და ხელახალი არჩევნები აწყობდა მხოლოდ „ოცნებას“. ჩვენ ვიცით, როგორ ატარებს ხელახალ არჩევნებს „ქართული ოცნება“, დაშინებით შანტაჟით და მოსყიდვით. ან მეორე გადაწყვეტილება: ჩვენ გვერდით უნდა გადაგვედო ეს ღირებულებითი სხვაობები და ამოვსულვიყავით მუნიციპალიტეტის მთავარი ინტერესებიდან. შესაბამისად, დღეს უკვე საკრებულოს ჰყავს თავმჯდომარე, ეს თავმჯდომარე არის ოპოზიციიდან. მე აბსოლუტურად მესმოდა იმ ადამიანების პროტესტი საკრებულოში და ვიზიარებ მას 20 ივნისთან დაკავშირებით, მე თვითონ ვარ  20 ივნისის მონაწილე, მაგრამ როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ამ არჩევნების შედეგებით, ზუგდიდელებმა 3 მანდატით მიანიჭეს გახარიას პარტიას. რეალურად, რაც იმას ნიშნავს რომ ზუგდიდელებს თავისი წარმომადგენელი გახარიას პარტიიდან უნდოდათ ყოლოდათ საკრებულოში. ჩვენი გადაწყვეტილებაც ეფუძნებოდა სწორედ ამას. წარმატებას უსურვებ საკრებულოს და უსურვებ, რომ მათი საქმიანობა ყოფილიყოს თითოეული ზუგდიდელის კეთილდღეობაზე მორგებული“, - თქვა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს ზუგდიდის საკრებულომ მეექვსე მცდელობაზე თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი, გიგა ფარულავა აირჩია. მას 25-მა დეპუტატმა მისცა ხმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია მმართველი პარტიის წევრებს. სხდომა დაძაბულობის, ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა.
Print