ახალი ამბები
სოხუმი - საგანგებოს თანამშრომლები მზად არიან დონბასში ჩავიდნენ კოლეგების დასახმარებლად
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მზადაა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების კოლეგებს გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება. ინფორმაციას "სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა" ავრცელებს. მათივე განცხადებით, "აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოპერატიული ქვედანაყოფები მზად არიან დონბასში ჩავიდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად".

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 19-ჯერ დაარღვია, მათგან 16 მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით, - უკრაინული მედიის ინფორმაციით ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში განაცხადეს.

მათივე ცნობით, დაბომბვის შედეგად ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა მიიღო. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე მხარემ 122 მმ კალიბრის საარტილერიო სისტემები, 120 მმ და 82 მმ კალიბრის ნაღმტყორცნები და სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნები გამოიყენა.

მანამდე, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დეფაქტო ლიდერებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა საყოველთაო მობილიზება გამოაცხადეს.

"უკრაინსკაია პრავდა" წერს, რომ უფრო ადრე სეპარატისტთა ლიდერებმა რუსეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ამას წინ უძღოდა რუსულ მედიაში ლუგანსკში აფეთქებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
უკრაინის ხელისუფლება კი, რუსეთის მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციებზე საუბრობს.

17 თებერვალს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბის ხელოვნურად შექმნას აპირებს.


Print