ახალი ამბები
ჩხოროწყუში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ჩხოროწყუში ადგილობრივმა მოსახლეობამ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები გააპროტესტა. ისინი მუნიციპალიტეტის მერიასთან შეიკრიბნენ და 9 აპრილის პარკამდე მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რუსეთმა ომი მსოფლიოს გამოუცხადა და ის დამარცხდება.


"ასეთი ერთიანი ჯერ მსოფლიო არ ყოფილა, რუსეთი ყოველთვის იყო მოურჩენელი ავადმყოფობა და მისი ბედი დღეს უნდა გადაწყდეს. რომ არა რუსეთი დღეს სულ სხვა ცხოვრება გვექნებოდა, მან სახე ბოლომდე გამოაჩინა. სამწუხაროდ, ხალხი იღუპება და კიდევ და კიდევ იარაღით მიდის...ამ ყველაფერს, რომ მოვიშორებთ, თავად რუსი ხალხიც უკეთესად იქნება" - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კოტე ნაჭყებიამ.

ჩხოროწყუელი ფოტოგრაფი რომან თოლორდავა ამბობს, რომ ის აქციაზე იმიტომ მივიდა, რომ რომ უყვარს თავისი ოჯახი და სურს მისმა შვილებმა დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში იცხოვროს.

"ჩვენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ და საქართველოს დამოუკიდებლობას შევაკლავთ თავს, იმიტომ რომ გვიყვარს შვილები. მე პირადად სამი შვილი მყავს და მინდა დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრონ. კმარა დემაგოგია, ყველამ იცის, პუტინის თამადობით, რომ მათი შვილები ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობენ. ყველამ იცის ლავროვის შვილი და მთელი მინისტრთა კაბინეტის შვილები სად სწავლობენ და რატომ არ უნდა შეეძლოს ჩვენს შვილებს მსგავსი განათლება აქ მიიღონ. დიახ, საქართველოს ბედი დღეს, უკრაინაში, ფრონტის ხაზზე წყდება", - თქვა რომან თოლორდავა.

ინფორმაციისთვის, უკრაინაში საომარი მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. რუსი ოკუპანტები კიევს უტევენ, თუმცა მის აღებას ვერ ახერხებენ. ბრძოლები მიმდინარეობს, რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის, ხარკოვთან.
Print