ახალი ამბები
პოლიტიკოსობას არ ვაპირებ - ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დღეს დილით დატოვა. საპატიმროსთან მას ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. ახალაიას თქმით, ახლა მისთვის პრიორიტეტული მხოლოდ ოჯახია და ის პოლიტიკოსობას არ გეგმავს.

"დაღლილი ვარ ძალიან, გამოფიტული. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეს არ არის ჩემი საქმე. აგერ მიდგას გვერდით მიზანი - მეუღლე და ჩემი შვილები. ეს არის მთავარი ამოცანა და ცოტა ფეხზე დადგომა მინდა. კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას. სხვა მე არაფერი მიკეთებია ჯერ, აი, 41 წლის ვარ. ქვეყნის სამსახურის მეტი, სამწუხაროდ, არაფერი მიკეთებია. ვის, რა და როგორ ესმის, ეს სხვა საკითხია", - უთხრა ახალაიამ ჟურნალისტებს.

მან სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და აღნიშნა, რომ ამ ხალხით გაოცებულია.

"მინდა განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინის მიმართ. გაოცებული ვარ ამ ხალხით! და თუ შეიძლება ვთქვა, ცოტა მშურს. სამწუხაროდ, ახლა ბევრი არაფერი შემიძლია", - თქვა ახალაიამ. 

მას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა პატიმრების წამების საქმეზე ჰქონდა მისჯილი.
Print