რეგიონი
უამინდობის გამო საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა შეზღუდულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული.

კერძოდ: ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უწყების ცნობით, ასევე ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

,,ბოლო ორი დღის მანძილზე მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ჩქაროსნულ მაგისტრალსა და რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე აღინიშნება ინტენსიური თოვა და ძლიერი ქარი, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, გზების გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილით დამუშავება 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს'', – აცხადებენ უწყებაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
Print