ახალი ამბები
რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა - დავითაშვილი
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა. როგორც მან განმარტა, აღნიშნულ მაჩვენებელზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს ინფორმაცია შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მიაწოდა. 

"შს მინისტრს უახლოეს ხანებში ექნება საჯარო გამოსვლა პარლამენტის ფორმატში და აქაც გააკეთებს უფრო დეტალურ ანგარიშს ამ საკითხებზე, რაც საზოგადოებას ან პოლიტიკურ ძალებს შეიძლება აინტერესებდეთ, თვითონ სამინისტროც გააკეთებს განცხადებას. ინფორმაცია დასამალი არ არის, პირიქით, საინტერესოა. დავინახეთ, რომ საზოგადოებაში ძალიან ემოციურად არის ბევრი საკითხი აღქმული და აბსოლუტურად გვესმის, ამიტომ, მეტი ზუსტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. რიცხვები თუ არ ვცდები, არის დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი. ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც 2020 წელს იყო, ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა. 2021 წელს საერთოდ დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა, მკაცრი იზოლაციის რეჟიმი იყო პანდემიიდან გამომდინარე. ამიტომ, 2020 წელს დაახლოებით იგივე რანგია. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არ არის", - აღნიშნა დავითაშვილმა.

სოციალურ ქსელში რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ადამიანების გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებით აქტიური განხილვა მიმდინარეობს. მოქალაქეების ნაწილი აღნიშნულთან მიმართებაში ნეგატიურ მოსაზრებას გამოხატავს. 


Print