ახალი ამბები
ენმ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს
საკრებულოს აპარატის და მერიის ააიპ-ების რეორგანიზაცია​, კერძო აუდიტის მოწვევა და სახელფასო ფონდის შემცირება, - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს და რიგ საკითხებზე შეთანხმებას სთავაზობს. ამასთან, ოპოზიციური პარტიის დეპუტატები გიგა ფარულავას დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობენ, რომელშიც საკრებულოს წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც იქნებიან წარმოდგენილი.

"მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის გთავაზობთ საჯარო პოლიტიკურ კონსესუსს ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე, რადგანაც ვთვლით, რომ აღნიშნულის გარეშე ზუგდიდის საკრებულოს მუშაობას არანაირი დადებითი შედეგი ზუგდიდელებისთვის არ ექნება. ეს საკითხებია:

- ზუგდიდის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია, საჯარო მოხელეების კონკურსის წესით დანიშვნა არაპოლიტიკური ნიშნით და არა დამკვიდრებული ნეპოტიზმით;

- ზუგდიდის ააიპ-ების რეორგანიზაცია (დროებით სამუშაო ჯგუფის შექმნა საკრებულოს წევრებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან);

- კერძო აუდიტის მოწვევა, რომელიც შეისწავლის და მოამზადებს ობიექტურ დასკვნას ზუგდიდის ააიპ-ების საქმიანობაზე, საშტატო შემადგენლობაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე და სახელმწიფო შესყიდვებზე;

- ზუგდიდის ბიუჯეტში სახელფასო 22 მილიონიანი ფონდის შემცირება და დაზოგილი თანხის სოციალური, ინფრასტრუქტურული და განათლების პროექტებისკენ მიმართვა;

- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტის საფასურის გაუქმება", - ნათქვამია წერილში, რომელითაც ენმ საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს.

ამასთან, მათივე თქმით, საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უარს ამბობს ყველა პრივილეგიაზე, მათ შორის სახელმწიფო ავტომობილებით სარგებლობაზე, საწვავზე, სატელეფონო და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებზე.

"ამით ვადასტურებთ, რომ ფრაქცია ენმ-ისთვის მთავარია ამომრჩევლის ნება, მათი კეთილდღეობა და არა თანამდებობები", - აღნიშნულია მიმართვაში. 

ინფორმაციისთვის, 14 თებერვალს საკრებულომ მეექვსე მცდელობაზე თავმჯდომარის არჩევა მოახერხა. პროცესი გიგა ფარულავას მოადგილეების და კომისიის ხელმძღვანელების არჩევით უნდა გაგრძელდეს. 


ამავე თემაზე: 

როგორც ენმ-ს, ისე „ქართულ ოცნებას“ სურს ან ყველაფერი, ან არაფერი - გიგა ფარულავა საკრებულოში თანამდებობების გადანაწილებაზე
Print