ახალი ამბები
სოხუმი და ცხინვალი თბილისს მოუწოდებენ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა - ერთობლივი კომუნიკე
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი მედოევი სოხუმში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო საქმეთა მინისტრ" ინალ არძინბას შეხვდა, წერს "აფსნიპრესი".

გამოცემის თანახმად, მედოევმა და არძინბამ შეხვედრაზე " სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება ფართო საერთაშორისო აღიარების მისაღწევად". ისინი "საქართველოს მოუწოდებენ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა", ნათქვამია ერთობლივ კომუნიკეში, რომელიც მხარეებმა შეხვედრაზე მიიღეს.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ მხარეები მტკიცედ აპირებენ, საერთო ძალისხმევით მიაღწიონ "საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთაშორისოდ აღიარებული გარანტიების ხელმოწერას".

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს უკრაინაში და გადაწყვეტილებას ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარებასთან დაკავშირებით.

მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სურვილს "გაეროში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის პოზიციების გამოხატვის უფლების მინიჭების შესახებ", - ნათქვამია დოკუმენტში.

მოსკოვმა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ცნო. გარდა რუსეთისა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.


Print