ახალი ამბები
ენმ-ის მოთხოვნები ცდება ზუგდიდის საკრებულოს კომპეტენციას - ოთარ ქადარია
ხუთი მოთხოვნიდან სამი ცდება საკრებულოს კომპეტენციას. თითოეული საჯარო მოხელე, რომელიც არის დასაქმებული საკრებულოს აპარატში, არის კონკურსის წესით დანიშნული და ხელახალი დანიშვნა რა საჭიროა არ ვიცით, თუ არაა რამე პოლიტიკური რევანში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ოთარ ქადარიამ უთხრა. მისივე თქმით, აზრს მოკლებულია ოპოზიციის მოთხოვნა ბოტანიკური ბაღის გადასახადების გაუქმებასთან დაკავშირებით.

"ეს აბსოლუტურად ცდება საკრებულოს კომპეტენციას. ითხოვენ ააიპ-ებში რეორგანიზაციას, რომელიც ასევე ცდება საკრებულოს კომპეტენციას. აღნიშნულ რეორგანიზაციას ახდენს ზუგდიდის მერი, მას შეუძლია მოსაზრებაზე მიმართოს საკრებულოს ააიპ-ებთან დაკავშირებით. იმას, რასაც გვთავაზობდა პარტია "საქართველოსთვის", ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, ვერც დაბალანსებას და საკრებულო ისევ აგრძელებს მუშაობს არშემდგარ რეჟიმში. არ გვყავს კომისიის თავმჯდომარეები, არ გყავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და ვერანაირი გამოსავალი კრიზისიდან მათ ვერ გამონახეს", - აღნიშნა ქადარიამ. 

მისივე თქმით, მმართველი პარტია ოპონირების რეჟიმში, კონსტრუქციულად აპირებს მუშაობის გაგრძელებას. 

ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ჩაიშალა. ის გიგა ფარულავას განცხადების შემდეგ ენმ-ს წევრებმა დატოვეს. საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, რომ არ აპირებს  დაეთანხმოს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებულ პირობებს. 

გუშინ ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა ფარულავას ღია წერილით მიმართეს. ისინი საკრებულოს აპარატის და მერიის ააიპ-ების რეორგანიზაცია​ს, კერძო აუდიტის მოწვევას და სახელფასო ფონდის შემცირებას ითხოვენ. ამასთან მიზანშეწონილად მიიჩნევენ, რომ ბოტანიკურ ბაღში დაწესებული გადასახადი გაუქმდეს.
Print