ახალი ამბები
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში "საპარლამენტო არჩევნები" იმართება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ საპარლამენტო არჩევნები იმართება. "ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში" განაცხადეს, რომ დილის 08:00 საათიდან გახსნილია 152 საარჩევნო უბანი, წერს გამოცემა "აფსნიპრესი".
"ცესკომ" მიმართა თხოვნით აფხაზურ ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგოს", რომ "არჩევნების" დღეს ელექტროენერგია არ გათიშონ. გამოცემის ინფორმაციით, "საპარლამენტო არჩევნები" დე ფაქტო რესპუბლიკაში მაჟორიტარული სისტემით 35 ერთმანდატიან ოლქში იმართება და "არჩევნების მიმდინარეობას საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებიან, ხოლო ხმის მიცემის პროცედურა სანიტარული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით მიმდინარეობს."

ამავე ცნობით, ამომრჩეველთა რაოდენობით ყველაზე დიდი ოლქია Nო13 (ქალაქი გაგრა), სადაც 7 ათასამდე ამომრჩეველია დარეგისტრირებული, ხოლო ყველაზე პატარა - 35- ე (გალის რაიონი), სადაც 1300 - მდე ამომრჩეველია.

ე.წ. პარლამენტში 35 ადგილისთვის 123 კანდიდატი იბრძვის.

დეპუტატობის 14 კანდიდატია წარდგენილი პოლიტიკური პარტიებიდან: მათგან 8 - პარტია "ამცახარადან", 2 - პარტიიდან " აფსნი", 2 -  "აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიიდან", 1 -  "აფხაზეთის სახალხო პარტიიდან", კიდევ 1 - "აფხაზეთის სახალხო ფრონტიდან სამართლიანობისა და განვითარებისთვის".
Print