ახალი ამბები
აქტიურად ვაგრძელებთ უსაფრთხოების დაცვას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზეც - გომელაური
"ვახორციელებთ ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული ჩვენი საზღვარი, როგორც გამტარი პუნქტები, ასევე, ე.წ. მწვანე საზღვარი", - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, რათა მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება, მათ შორის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზეც. 

"ამ მიზნით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ", - თქვა გომელაურმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა მან უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრით დაიწყო.

"ჩვენთვის ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მტკივნეული. 2008 წელს, ომით, ამ აგრესიით გამოწვეული შედეგები ჩვენ საკუთარ სამშობლოში გამოვცადეთ და გადავიტანეთ. მე, როგორც რიგითი ქართველი და როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, კიდევ ერთხელ, სრულ და ღია მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ძალიან მძიმე და რთული ვითარებაა უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობა განსაცდელშია. იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, იბომბება ქალაქები, სამწუხაროდ, მსხვერპლი დიდია. საერთაშორისო საზოგადოებამ და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

"მინისტრის საათის" ფორმატში საქართველოს პარლამენტში შს მინისტრს უსმენენ. ის დეპუტატებს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს და მათ კითხვებს უპასუხებს.
Print