ახალი ამბები
პუტინმა დვინიანინი "აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის" მოვალეობისგან გაათავისუფლა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, ალექსეი დვინიანინის "აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის" მოვალეობიდან გათავისუფლების შესახებ, წერს "აფსადგილ ინფო".

2021 წლის დეკემბერში "საელჩოს" პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის "ელჩმა აფხაზეთის რესპუბლიკაში" ალექსეი დვინიანინმა მისია დაასრულა და მოსკოვში დაბრუნდა. ამავე ცნობით, დროებით მის მოვალეობას მრჩეველი - დესპანი მაქსიმ ლიტვინოვი შეასრულებს.

ალექსეი დვინიანინი "ელჩად" 2018 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. დვინიანინის წინამორბედი სემიონ გრიგორიევი იყო, რომელიც "თანამდებობას" 2008 წლის 25 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 მარტამდე იკავებდა.

აფხაზეთში რუსეთის "საელჩო" რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაიხსნა. 2008 წლის სექტემბერში სოხუმმა და მოსკოვმა "დიპლომატიური ურთიერთობის" დამყარების შესახებ განაცხადეს, ამავე წლის დეკემბერში სემიონ გრიგორიევმა რწმუნებათა სიგელი გადასცა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს. 2009 წლის თებერვალში კი აფხაზეთში რუსეთის "საელჩო" ოფიციალურად დაფუძნდა.


Print