ახალი ამბები
სოხუმი - რუსულ - აფხაზური შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურებს გაამარტივებს
მოსკოვსა და სოხუმს შორის "ორმაგი მოქალაქეობის" შესახებ შეთანხმების პროექტი უკვე მზადაა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას.

მათივე ინფორმაციით, შეთანხმების პროექტში ნათქვამია, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს" შესაძლებლობა ეძლევათ რუსეთის ფედერაციას მიმართონ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღების განაცხადით.

განცხადების თანახმად, გამარტივებული პროცედურა ცალმხრივად იმოქმედებს. შეთანხმების პროექტი არ ითვალისწინებს "აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ პროცედურას და არ ცვლის აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების საფუძვლებსა და წესს, როგორც გამარტივებული, ისე ზოგადი წესით".

შეთანხმების პროექტი ადგენს წესს, რომლის მიხედვითაც "ორმაგი მოქალაქეობის" მქონე პირები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადიან იმ ტერიტორიაზე, სადაც მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის მომენტში.

ასევე, "ორმაგი მოქალაქეობის" მქონე პირები, როემლთაც გავლილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური "ერთ-ერთ ქვეყანაში , თავისუფლდებიან მეორე მხარის სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან".

"ორმაგი მოქალაქეობის" მქონე პირები სარგებლობენ სოციალური უზრუნველყოფის, განათლებისა და ჯანდაცვის უფლებებით იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ.

სოხუმში აცხადებენ, რომ "საგარეო საქმეთა სამინისტრო" დოკუმეტს ხელს რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ მოაწერს.

უფრო ადრე, 2021 წლის მაისში, ასლან ბჟანიამ განაცხადა , რომ მოსკოვმა და სოხუმმა მოამზადეს შეთანხმების პროექტი "აფხაზეთის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ".

აფხაზური მხარის მონაცემებით, აფხაზეთის მოსახლეობა ამჟამად 250 ათასს შეადგენს, მათგან რუსეთის მოქალაქეობა 140 ათას ადამიანს აქვს.

Print