რეგიონი
ჩხორიის სკოლაში უკრაინიდან ჩამოსული მოზარდი ისწავლის
ზუგდიდის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლას, სწავლის გასაგრძელებლად, საომარი მოქმედებების გამო უკრაინიდან დაბრუნებულმა ერთი მოსწავლის მშობელმა მიმართა.

,,ჯერჯერობით ერთი ქართველი, მერვე კლასის მოსწავლეა, რომელიც საომარი ვითარების გამო მობრუნდა საქართველოში და სწავლის გასაგრძელებლად მიმართა ჩხორიის საჯარო სკოლას’’, - ამის შესახებ რადიო "ათინათს" საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ უთხრა.

მისივე განმარტებით, ოჯახი სამი წელი უკრაინაში ცხოვრობდა და მათი შვილი იქ სწავლობდა, მალე კი სტატუსს აღუდგენენ და აქ გააგრძელებს სწავლას.

ინფორმაციისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიურ რეჟიმში უზრუნველყოფს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული სასკოლო ასაკის ბავშვების გამარტივებული წესით ჩარიცხვას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

Print