ახალი ამბები
სოხუმის ფილარმონიაში რუსეთის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა
სოხუმის ფილარმონიაში 18 მარტს კონცერტი გაიმართა. ინტერნეტ გამოცემა "აფსნიპრესის" ცნობით, ღონისძიება "ყირიმის და სევასტოპოლის რუსეთის ფედერაციაში მიღების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მერვე წლისთავს მიეძღვნა და უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მხარდასაჭერი აქციის ფარგლებში შედგა. ამავე ცნობით, მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც აფხაზმა შემსრულებლებმა, ასევე, რუსმა მომღერალმა ოლგა კორმუხინამ.

ამავე ცნობით, კონცერტს ესწრებოდნენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ვიცე - პრეზიდენტი" ბადრა გუნბა, "ფინანსთა მინისტრი" ვლადიმირ დელბა, სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან ეშბა, ასევე, "აფხაზეთში რუსეთის საელჩოს" წარმომადგენელი მაქსიმ ლიტვინოვი.

მანამდე, 11 მარტს, სოხუმში, "დინამოს" სტადიონზე გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს "რუსეთის ფედერაციის ქმედებებს დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების ტერიტორიაზე მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად, ასევე უკრაინაში "დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის პროცესს".

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა ხელი 10 მარტს ხელის მოაწერა ბრძანებას " აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ".

უფრო ადრე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი". მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".



Print