ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლასა და მომსახურებაში მოქალაქეებმა 6 706 ლარი გადაიხადეს - ადმინისტრაცია
ააიპ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი გახდა, შემოსავლის სახით ობიექტმა, დაახლოებით, 7 ათას ლარამდე მიიღო.
ამის შესახებ ზუგდიდელი ილია გვაჯაიას მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ.

დოკუმენტის თანახმად, პირველი თებერვლიდან 15 მარტამდე პერიოდში ერთ, ორ და ხუთლარიანი ტარიფებით სულ 2 859-მა პირმა ისარგებლა, მათ შორის 79 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მიღებულმა შემოსავალმა კი 4 896 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, დროის ამ მონაკვეთში ერთთვიანი აბონემენტი ერთ ვიზიტორზე 75-მა ადამიანმა შეიძინა, სამთავრო და ექვსთვიანი აბონემენტი - 2-2-მა, ერთწლიანი კი - მხოლოდ ერთმა.

ასევე, გაიყიდა 10 ერთთვიანი და და სამთვიანი საოჯახო აბონემენტი, ფასიანი ფოტოსესია კი ბოტანიკურ ბაღში 9-ჯერ მოეწყო.

ამ პერიოდში არავის შეუძენია საპიკნიკო და საკემპინგო ლოკაციებით სარგებლობის აბომენენტი.

სულ აბონემენტების გაყიდვით თვენახევრის განმავლობაში ბოტანიკურ ბაღში 1 810 ლარი შევიდა, ჯამში კი ამ ხნის მანძილზე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის შემოსავლებმა 6 706 ლარი შეადგინა.

დოკუმენტს, რომელიც ილია გვაჯაიამ სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა, ხელს ააიპ-ის დირექტორი ზვიად ქარჩავა აწერს.

ზუგდიდელების ნაწილი ბოტანიკური ბაღით სარგებლობის ფასიანად გახდომას აპროტესტებს. ადგილობრივებმა რამდენჯერმე აქციაც გამართეს. უფრო ადრე სახელმწიფო აუდიტმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ბოტანიკურ ბაღში, სადაც შესვლა უფასო იყო, 2020 წელს 6 მოლარე-კონსულტანტი იყო დასაქმებული, რომელთა ხელფასებზე 50 ათასი ლარი დაიხარჯა.

მერიის ინფორმაციით კი, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში არსებული სატარიფო მიდგომა ქვეყანაში არსებული ბოტანიკური ბაღების სატარიფო მიდგომებთან შედარებით ყველაზე იაფია.

Print