ახალი ამბები
აფხაზი დეპუტატები: მოქალაქეები აფხაზური ეროვნების კუთვნილების აღდგენას შეძლებენ
აფხაზეთში მცხოვრებ "უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს" აფხაზური ეროვნების კუთვნილების აღდგენის უფლება მიეცემათ. შესაბამისი ცვლილება აფხაზმა დეპუტატებმა "სამოქალაქო კოდექსის 47 - ე მუხლში" შეიტანეს. დოკუმენტი "სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის" თავმჯდომარემ ვალერი აგრბამ წარადგინა, - წერს "აფსნიპრესი".

გამოცემის ინფორმაციით, "ცვლილებები ასევე შევიდა "სამოქალაქო სტატუსის აქტების შესახებ" კანონში, რომლის მიხედვითაც აფხაზური გვარის აღდგენის უფლება არა მხოლოდ ეთნიკურ აფხაზებს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს ენიჭებათ".

კანონპროექტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტის მიღებას, ნაწილი კი მისი დახვეწის წინადადებით გამოვიდა, რაც "საქართველოს მოქალაქეების მიერ ეროვნული იდენტობის ცვლილების რისკს დაუკავშირა".

დეპუტატმა გივი კვარჩიამ განაცხადა, რომ ეს არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. მისი თქმით "1930-იან წლებში ათასობით აფხაზს ერთ ღამეში შეუცვალეს ეროვნება, ისე რომ არავის უკითხვას მათთვის.
როგორ მივცემთ ხმას ამ ცვლილებებს, ისე დავრჩებით ისტორიაში", - განაცხადა ვალერი კვარჩიამ.

დეპუტატ საიდ ხარაზიას თქმით, კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭირონ, რადგან "აფხაზეთში მცხოვრებმა ადიღელებმა და სხვებმა შეძლონ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება".

"სამოქალაქო კოდექსში ეთნიკური კუთვნილების აღდგენის უფლების შეტანის წინადადებით 2021 წლის მარტში აფხაზი დეპუტატი ვალერი კვარჩია გამოვიდა და "პარლამენტმა" შესაბამისი კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

მაშინ კვარჩიამ განაცხადა, რომ "აღნიშნული კანონი ასევე გავრცელდება გალის რაიონის მცხოვრებლებზე, რომელთაც შეცვლილი გვარები აქვთ. თუმცა, ასეთივე გვარები აქვთ საქართველოს მცხოვრებლებსაც, მაგრამ ისინი იქით ძალით არავის გადაუსახლებია, ამიტომ ეს კანონი მათზე არ გავრცელდება. თუმცა, პირს, რომელიც გალის რაიონში ცხოვრობს და სურს თავისი ეროვნული კუთვნილების აღდგენა, კანონი ამის განხორციელების უფლებას მისცემს. გარკვეული ხარვეზები ყოველთვის იქნება, თუმცა, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი".

საბოლოოდ, აფხაზმა დეპუტატებმა "კანონპროექტები" ერთხმად დაამტკიცეს.

Print