ახალი ამბები
ე.წ. დისტანციურზე მყოფი თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან - საკოორდინაციო საბჭო
იმ საჯარო სამსახურებში, რომლებშიც კორონავირუსის პანდემიის გამო თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა, საქმიანობის ძველ რეჟიმს დაბრუნდება. შესაბამისი გადაწყვეტილებების შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სოციალურზე. ე.წ. დისტანციურზე მყოფი თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან, უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან "პისიარ" ტესტის გარეშე. შენარჩუნდება ვაქცინაციაზე დაწესებული წახალისების პროგრამა. პრაქტიკულად ყველა რეგულაცია, გარდა დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულებისა, ამ ეტაპზე უქმდება", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან უქმდება კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული ყველა შეზღუდვა, მათ შორის ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება. ამ ეტაპზე , ის მხოლოდ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში შენარჩუნდება.

ასევე უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე, სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე. 
Print