ახალი ამბები
მეუფე სტეფანე: მოვა დრო, როცა ბალდაში ვიქნებით ისე, როგორც დღეს სალხინოში ვართ
„მოვა ის დრო, როცა დღეს ყველა აქ ვიქნებით, როგორც დღეს ვართ სალხინოში. ვიქნებით აქაც და ყველგან, სადაც უნდა იყოს საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია“, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ბალდის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერში წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა. მეუფე სტეფანეს თქმით, მის მიერვე განკვეთილი სასულიერო პირები მონასტერში უკანონოდ არიან.

„ისინი არ არიან სასულიერო პირები. ისინი ამ მონასტერში არიან უკანონოდ. მათ დაარღვიეს ყველა საეკლესიო წესი. პატრიარქზე მთელ მსოფლიოს რაღაც ცილისწამწბები გააგებინეს, რაღაც ტყუილები. მე ვინ უნდა გავასახლო. ესენი აქ უკანონოდ არიან. ჩვენ არავის ვუპირისპირდებით. ეს არის პროვოკაცია, რომელიც მათ წამოიწყეს. თქვენი რადარებიდან გაქრნენ და მოუნდათ ისევ და დაგიძახეს, მოგატყუეს, რადგან არავის გამოსახლებას არ ვაპირებდით ჩვენ. მოხვედით, ატეხეს აჟიოტაჟი და რა გააკეთეს? არაფერი”,- განაცხადა მიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, სინოდის სხდომა შესაბამისი საეკლესიო წესების დაცვით მაშინ შედგება, როცა ამას პატრიარქი გადაწყვეტს.

ბალდის მონასტერში წირვის დაწყებამდე რამდენიმე საათის განმავლობაში მეუფე სტეფანეს მხარდამჭერ ჩოხოსნებსა და ადგილობრივ განვეთილ სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. განკვეთილი ბერების მიერ ჩაკეტილი ტაძრის კარის გაღება საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გამოიძახეს. სავარაუდოდ, სწორედ ისინი დაეხმარნენ ჩოხოსნებს ტაძრის კარის გაღებაში.

დაპირისპირება მეუფე სტეფანესა და ადგილობრივი სასულიერო პირების ნაწილს შორის წელიწადზე მეტია, გრძელდება. მიტროპოლიტმა ისინი სხვადასხვა საეკლესიო სასჯელით დასაჯა, საბოლოოდ კი, სალხინოს მამათა მონასტერი ძალის გამოყენებით სამართალდამცავებისა და ჩოხოსნების დახმარებით დაატოვებინა.

განკვეთილი სასულიერო პირები რჩებიან წაჩხურუსა და ბალდის მონასტრებში.

Print