ახალი ამბები
მოსკოვში აფხაზეთ-რუსეთის "საზღვარზე" მიმოსვლის გამარტივებაზე იმსჯელეს
მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროში გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა თემაზე "აფხაზეთ-რუსეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება". მასში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ და დუმის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებმა, - წერს "აფსნიპრესი".

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრაზე მდინარე ფსოუს გასწვრივ "აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივების და სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედების საკითხები" განიხილეს.

"... ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივების საკითხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია შექმნილ საერთაშორისო ვითარებასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა მშვიდად და უფრო აქტიურად გადაკვეთონ საზღვარი. გარდა ამისა, განვიხილეთ აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხი, რაშიც დახმარებას ვითხოვდით", - განაცხადა ინალ არძინბამ.

მისივე თქმით, აპრილში იგეგმება "სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტისა და დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის გაფართოებული სხდომის გამართვა", რომელზეც ამ საკითხებს განიხილავენ.

დღეს, 23 მარტს მოსკოვში "სამუშაოს ვიზიტით" აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც გაემგზავრა.

ინალ არძინბა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსად 17 ნოემბერს დაინიშნა. ის აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ნათესავია. 

არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, 2014-2018 წლებში ის "დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში" მუშაობდა, სადაც უკრაინის განყოფილებას კურირებდა, ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს. კრემლში ის კურირებდა ურთიერთობას დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა.


Print