ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარეებად ოპოზიციონერი დეპუტატები აირჩიეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთივე კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს, ყველა მათგანი ოპოზიციის წარმომადგენელია.

სხდომაზე ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ ენმ-სა გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ გაბუნია აირჩიეს. ამავე პარტიის წარმომადგენელი მაია გაწერელია გახდა ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. ეკონომიკის, ურბანული განვითარების და ქონების მართვის კომისიას ასევე ენმ-ს წევრი გიორგი სორდია უხელმძღვანელებს, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კი ასევე 25 ხმით მარიამ ახალაია გახდა. რაც შეეხება იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თავმჯდომარედ "გახარია საქართველოსთვის" პარტიის წარმომადგენელი ბელა მოსია აირჩიეს.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "ქართული ოცნების" წევრებს.

ზუგდიდის საკრებულომ გასულ კვირაში ორი მოადგილე "ქართული ოცნების" გარეშე აირჩია. პირველი მოადგილის პოსტს გიორგი გახარიას პარტიის წარმომადეგენელი მალხაზ თორია იკავებს, მეორე მოადგილედ კი ფრაქცია "ენმ"-ის თავმჯდომარე თემურ ბასილაია აირჩიეს. დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილე ამ დრომდე არ აურჩევიათ.




Print