ახალი ამბები
ლავროვი ბჟანიას საერთაშორისო არენაზე ადგილის გასამყარებლად მხარდაჭერას დაჰპირდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია მიიღო. ლავროვმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა "ამ ეტაპზე", წერს "ეხო კავკაზა".
"ჩვენ, როგორც მოკავშირეები, თანხვედრაში უნდა ვიყოთ, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობებში უდიდესი დაძაბულობაა, დასავლეთის დაუღალავი სურვილის შედეგად, შეინარჩუნოს თავისი დომინირება საერთაშორისო საქმეებში , დაიმორჩილოს ყველაფერი და ყველა, დააბრუნოს ერთპოლარული სამყარო. რა თქმა უნდა, ეს ილუზიებია", - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ის კმაყოფილია იმით, თუ როგორ ვითარდება მხარეების თანამშრომლობა, პოლიტიკური და სამხედრო დიალოგის თვალსაზრისით, ასევე თავდაცვის, სავაჭრო - ეკონომიკურ, საინვესტიციო, ჰუმანიტარულ თუ კულტურულ სფეროებში.

მან დასძინა, რომ გასული წლის დეკემბერში მან "აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან ინალ არძინბასთან "აფხაზეთთან საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოების" საკითხი განიხილა. მისი თქმით, რუსეთი მზადაა, "აფხაზეთს მხარი დაუჭიროს საერთაშორისო არენაზე მისი კანონიერი ადგილის გასამყარებლად".

თავის მხრივ, ბჟანიამ განაცხადა, რომ "აფხაზეთი მხარს უჭერს რუსეთის სპეცოპერაციას უკრაინაში".

"ჩვენ ვაღიარეთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. ჩვენ გავმართეთ მრავალათასიანი აქცია, ორჯერ ჩავატარეთ ჰუმანიტარული აქცია, გავუგზავნეთ ტვირთი ამ რესპუბლიკების მცხოვრებლებს. დღეისათვის 150-ზე მეტი ქალი და ბავშვი აფხაზეთში კარგ პირობებში ისვენებს. ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ თავდაცვის სამინისტროს და სპეცსამსახურების ხაზით", - განაცხადა მან.

აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში 23 მარტს იმყოფებოდა. მანამდე, რუსეთის დედაქალაქში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ჩავიდა. 

10 მარტს ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა ხელი მოაწერა ბრძანებას " აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ"

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი". მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".


Print