ახალი ამბები
მარგარიტა სიმონიანი მედია ცენტრის გასახსნელად სოხუმში ჩავიდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოხუმში რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების "რაშა თუდეის" და "სპუტნიკის" მთავარ რედაქტორს მარგარიტა სიმონიანს შეხვდა. ეს უკანასკნელი სოხუმში ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მულტიფუნქციური მედია ცენტრის გახსნაზე დასასწრებად ჩავიდა, წერს "აფსნიპრესი".

ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე სიმონიანმა აღნიშნა, რომ მას თბილი მოგონებები აკავშირებს აფხაზეთთან, სადაც ის ოდესღაც მუშაობდა , როგორც დამწყები ჟურნალისტი და სადაც დღესაც ცხოვრობენ ბებიის მხრიდან მისი ნათესავები.

"ჩვენ ყოველთვის გვაღელვებდა თქვენი სახელმწიფოს ბედი და მივისწრაფვოდით იმისკენ, რომ თქვენ დამოუკიდებლობა მოგეპოვებინათ. ახლა ასევე რთული დრო გვიდგას, ვიცით, რომ აფხაზეთის მოქალაქეები უკრაინაში სპეცოპერაციაში მონაწილეობენ და იცავენ დნრ- ის და ლნრ- ის მცხოვრებლებს", - თქვა სიმონიანმა.

მან დახმარება აღუთქვა მედიაცენტრს, რომელიც, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დროთა განმავლობაში ცალკე მედია რესურსად ჩამოყალიბდება.

სოხუმსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების კომენტირებისას, ბჟანიამ აღნიშნა, რომ "აფხაზეთ - რუსეთს შორის ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პროცედურის გამარტივებაა, რასაც ორივე მხარე "თბილად შეხვდება".

ინფორმაციისთვის, დასავლეთმა უკრაინაში შეჭრისა და სეპარატისტული რეგიონების (ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების) დამოუკიდებლობის აღიარების გამო სანქციები დაუწესა რუსეთს. ინდივიდუალურ პირთა სიაში, სხვა გავლენიან პროპაგანდისტულ მედია სახეებთან ერთად, მოხვდა კრემლის პროპაგანდისტული მედიის "რაშა თუდეის" მთავარი რედაქტორი - მარგარიტა სიმონიანიც.






Print